პენიტენციური: გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტს

პუბლიკა

„გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია”

პენიტენციური სამსახური ეხმაურება ინფორმაციას, რომ გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს.

„მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება, საკვების არ მიწოდების გამო, შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხოვეს და მათზე დღეს განხორციელებული „ძველბიჭური“ მუქარა ციხის თანამშრომელ, ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა: თავს დაგამახსოვრებინებ ბიჭო”. – დაწერა Facebook-ზე გიორგი ჩიკვაიძის დედამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს ციხის თანამშრომლებმა 25 და 26 ოქტომბერს საუზმით სახით კანონით დადგენილი ულუფა შესთავაზეს, რაზეც მსჯავრდადებულებმა უარი განაცხადეს და საკანში მხოლოდ პური დაიტოვეს.

„შემდგომ სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ.

ასევე 2025 წლის 26 ოქტომბერს, 13:22 საათზე მსჯავრდადებულებს შესთავაზეს სადილი, რა დროსაც გიორგი ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდადებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად. მსჯავრდადებული გიორგი ჩიკვაიძე ასევე არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის მოთხოვნას, შეეწყვიტა ეს ქმედება – ის კვლავ აგრძელებდა სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდადებულის შეურაცხყოფას”. – აცხადებს სამსახური.

პენიტენციური ასევე დასძენს, რომ უწყება უზრუნველყოფს მსჯავრდადებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა, მათი თქმით:

„გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეულ პროდუქტს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია – თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდადებულს შესაბამისი კვებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ცილისწამებაა.

პენიტენციური სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია მსჯავრდადებულის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან”. – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.