მოსამართლე ნანა შამათავამ ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.
ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 28 ოქტომბერს გაიმართა. პროკურატურა ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო დროის გახანგრძლივებას მოითხოვს. პროცესი ამის გამო დაინიშნა.
„ენმ-ის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუს-მა 11 სექტემბერს, „ფორმულას“ ეზოში დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
კერძოდ, სუს-მა განაცხადა, რომ „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამს, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“.
13 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ლევან ხაბეიშვილს ბრალი კიდევ ერთი – სსკ-ის 317-ე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით წარედგინა.
16 სექტემბერს სუს-მა ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა.
„რადიო თავისუფლების“ თანახმად, ხაბეიშვილმა დღეს განცხადების უფლება მოითხოვა და მოსამართლე ნანა შამათავასგან ამ უფლების მიცემის შემდეგ თქვა:
„რა მედება ბრალად? რაიმე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები. სადავო არაფერი მაქვს, საჯარო განცხადებებია ჩემი, საეთერო, სადაც ვამბობ, რომ სამართალდამცავმა პატივი უნდა სცეს კანონს, არ იძალადოს ხალხზე და დაჯილდოვდება, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან… კანონში მე პირდაპირ მიწერია, რომ პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად […].
პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში გაუგებარი რამეა, პროპაგანდამ რომ ნახა, ბრალი სიგიჟეა, ამოიღო ის, რომ აქციას პროაქტიურად ვუჭერდი მხარს, ამოიღო სიტყვა დამხობა და ბრალი წამიყენა… დამხობა არის მოქმედება.
როცა საუბარია აქციის სახელწოდებაზე – ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის გაგრძელება, ვიფიქრებთ სლოგანებს.
როცა ვამბობთ ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ”. – თქვა ლევან ხაბეიშვილმა „რადიო თავისუფლების” ცნობით.