ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს. ინფორმაციას „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან.

„გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, „ოცნების“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, „ოცნების“ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.