„ნეიტრალური საქართველო“ მიმართავს „ოცნებას“, დაასახელოს ის ნიშნული, რის შემდეგაც უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრებაზე

პუბლიკა

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიმართავს „ოცნებას“, დაასახელოს ის ნიშნული, რის შემდეგაც უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრებაზე.

პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მალე პარტიის დაფუძნებას აპირებს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს განცხადებით გამოეხმაურა.

მათი შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში „უტიფრობის ახალი მწვერვალია“.

„ჩვენთვის მიუღებელია „ქართული ოცნების” პოლიტიკა, რაც უსამართლობისა და ევროკავშირის შეუქცევადი დეგრადაციის მიუხედავად, ამ გაერთიანებისკენ ცალმხრივად სვლის გაგრძელებას გულისხმობს.

მივმართავთ ხელისუფლებას, დაასახელოს ის ნიშნული, რის შემდეგაც გადახედავს საგარეო პრიორიტეტებს და საბოლოოდ უარს იტყვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, და ღირებულებით სტაგნაციაში მყოფ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ კავშირში გაწევრიანებაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ახალი მრავალპოლუსიანი სამყარო ქმნის შესაძლებლობას საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური სტატუსი, რომელიც იქნება ყველაზე მყარი გარანტი, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარებისათვის. ევროილუზიაში გატარებული ყოველი დღე კი, პირიქით გვაშორებს აღნიშნულ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.