კაბალში სპეცოპერაციის დროს მოკლული მირზა ალიევი საკრებულოს ყოფილი დეპუტატია „ოცნებიდან“

პუბლიკა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში სპეცოპერაციის დროს მოკლული მირზა ალიევი ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია. ის საკრებულოში 2010-14 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მუშაობდა, 2014-ის შემდეგ კი – „ქართული ოცნების“ სიით.

TV პირველთან მირზა ალიევის ახლობელი ამბობს, რომ ალიევი „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.

„მირზას გულისთვის გაიმარჯვა ამ მთავრობამ“, – თქვა მან.

„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

დარახველიძის თქმით, ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

„ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, – აცხადებს უწყება.