არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა

პუბლიკა

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ილია II-ს მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც არიქმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა.

„ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, – ნათქვამია ბრძანებაში.

არქიმანდრიტი ილია საპატრიარქოში იყო დაბარებული, მისი ვარაუდით, იმის გამო, რომ ეპისკოპოს შიო მუჯირს „ეგზარქოსი“ უწოდა.

საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ილია თოლორაიამ განაცხადა, რომ მიტროპოლიტმა შიომ მისი განცხადებების მონანიება მოსთხოვა.

არქიმანდრიტის განმარტებით, მან შიო მუჯირს უთხრა, რომ ამ განცხადებების საფუძველი ის გახდა, რომ მისგან არასდროს მოუსმენია რუსეთის მტრად შეფასება, მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია.

„ამ დროს შემოდის მამა ანდრია უკნიდან, კარებიდან, ვზივარ და მკაცრი ტონით მეუბნება, რომ გადი გარეთო, რაღაცა… ფაქტობრივად, გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს, გამომაგდეს და გამოსვლის დროს მომყვება ანდრია ჯაღმაიძე და მიჯიკავებს, მაწვება ხელით. მე ვუთხარი, რატომ მიჯიკავებ-მეთქი და შეცბა, მე არ გიჯიკავებ, ხელი არ მიკვრიაო. მივუბრუნდი, [სხვა მღვდლებს] ხომ ხედავთ, ხელს მიჯიკავებს, ვერ დაინახეთ-მეთქი? ისინი არა, არაო, დაბრმავდნენ. მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ. მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხართ მოგზავნილი, მეუფე შიო. არ მოვინანიებ არასდროს“, – თქვა არქიმანდრიტმა.

საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო საპატრიარქოში დაბარებული იყო არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც. მისი საკითხი საეპარქიო კომისიას უნდა განეხილა. დოროთე ყურაშვილმა სხდომაზე მედიის დასწრება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. 29 ოქტომბერს დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოსთან იყო სასულიერო პირებთან და მედიასთან ერთად მისული, თუმცა მედიის შეშვებაზე უარის გამო ის კომისიის სხდომაზე აღარ შესულა. საეპარქიო კომისიის მიმართვის საფუძველზე ილია II-მ დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ეკლესიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და სამების ლავრაში განაწესა.