„პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის” ვეხმაურებით ქვეყანაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პარაზიტული ინფექციის – მუნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას“,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, განახორციელონ კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები და პროაქტიულად და დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ინფექციის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ასევე განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ…
კოლეგებთან ერთად დავათვალიერეთ თბილისის რამდენიმე სკოლა, სადაც მუნის შემთხვევები დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო თვითრეგულირებით, ანუ შეშფოთებული მშობლების ინდივიდუალური გადაწყვეტილებით. რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდენილ რეაგირებას, აღმოჩნდა, რომ არცერთ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ მიღებული ინსტრუქცია არცერთი კომპეტენტური უწყებიდან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და თავად გადაწყვიტეს ემართათ პროცესი….
ინფექციის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე – მოშლილია პრევენციული, დამდგარ შემთხვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები. ამ შემთხვევაში საუბარია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე. აღმოჩნდა, სანიტარული ნორმების სტანდარტები უხეშად არის დარღვეული სკოლებსა და ბაღებში. არ არსებობს ერთიანი პროტოკოლი, რომელიც დაავალდებულებს სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციას დროულად აცნობონ მშობლებს მოსწავლის პოტენციური ინფიცირების შესახებ. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა რომ „საპანიკო არაფერია.
მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.
„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით. პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, – განაცხადა იმნაძემ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მუნის შემთხვევებმა იმატა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მუნის შემთხვევები დაფიქსირდა სკოლებსა და ბაღებში.