შოიგუმ „ქართული ოცნება“ დესტრუქციული ქმედებებისადმი გამძლეობისთვის შეაქო

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნების დროს „დესტრუქციული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“ შეაქო და თქვა, რომ „მათი გამძლეობა დასაფასებელია“.

შოიგუმ ამის შესახებ დსთ-ის წევრების უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, არჩევნების დროს წინააღმდეგობა გაეწია დესტრუქციული ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავდა თავად საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გამძლეობა დასაფასებელია – მათ ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა მან.

შოიგუს განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში „ვითარება გაცილებით სტაბილური გახდა“ და მისი აზრით, ამაში რუსეთის დიდი დამსახურებაა.

შოიგუ დარწმუნებულია, რომ რუსეთის წვლილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ მოუგვარებელი ურთიერთობების მოგვარებაში მნიშვნელოვანია.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა სიტუაციის უფრო სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა მან.