შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით დ.ს.-ს ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.