კონგრესმენები რუბიოს მოუწოდებენ, მკაცრად უპასუხოს „ოცნების" „ცრუ ბრალდებებსა და ანტიამერიკულ რიტორიკას“

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენები რესპუბლიკელთა და დემოკრატთა პარტიებიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოს, მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების „ანტიამერიკული ქმედებებისგან“.

მარკო რუბიოსადმი მიწერილ წერილს ხელს აწერენ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ უიკერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯონ კურტისი, ევროპაში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე სენატის კომისიის წევრი შელდონ უაიტჰაუსი, ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი.

„საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, არაერთხელ გამოთქვა სურვილი აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა მათი მუდმივი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს“, – ნათქვამია წერილში.

სენატორები მარკო რუბიოს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი ბერკეტები და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ყოფილი თანამშრომლები და სხვა ამერიკული სტრუქტურების ყოფილი პერსონალი აღარ გახდებიან მიზანმიმართული თავდასხმებისა და ცილისწამების ობიექტი.

კონგრესმენები წერილში საუბრობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა „გადახდების უზრუნველყოფით“ საქართველოში „რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში“ დაადანაშაულა.

„მსგავსი მცდარი დახასიათება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებიც აშშ-ის სახელით მუშაობდნენ. ასეთი განცხადებები ცხადყოფს, „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოხატა სერიოზული განზრახვა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“, – ნათქვამია წერილში.

კონგრესმენები ასევე მიესალმებიან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 6 ოქტომბერს შეხვედრა მოეთხოვათ აშშ-ში საქართველოს ელჩთან, თამარ ტალიაშვილთან. ისინი მოუწოდებენ სახდეპს, მოითხოვოს პარტია „ქართული ოცნებისგან“ აღნიშნული „საშიში განცხადებების ოფიციალურად და საჯაროდ უარყოფა“.

„მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უპასუხოს ამ ნარატივს, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის თანამშრომლებს საქართველოში და ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს სხვა უცხო ქვეყნის მთავრობებისთვისაც. ორმხრივი ურთიერთობების პროდუქტიულად განვითარება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, თუმცა FSN-ები და აშშ-ის ყოფილი პარტნიორები არ უნდა იქცნენ პოლიტიკურ იარაღად.

თუ ჩვენ არ დავიცავთ მათ უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩვენს შესაძლებლობას, მოვიზიდოთ კვალიფიციური თანამშრომლები და განვახორციელოთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მსოფლიოს მასშტაბით“, – წერია წერილში.

სენატორების თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად და საჯაროდ უპასუხოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც აშშ-ის სახელით მომუშავე პერსონალის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


4 ოქტომბერს „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებზე „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.

საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სამთავრობო პროპაგანდისტული „ტვ იმედის“ ეთერში თქვა, რომ „ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს… ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული“.