„რუსული რეჟიმი დიქტატურის საბოლოოდ გასაფორმებლად ცდილობს, ველიდან გააქროს პოლიტიკოსები“ - დათუნაშვილი

პუბლიკა

„ივანიშვილის ამოცანაა, კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა“, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილი პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენას.

„რუსული რეჟიმი საქართველოში დიქტატურის საბოლოოდ გასაფორმებლად ცდილობს, ველიდან გააქროს პოლიტიკოსები და სრულიად მოკლას პოლიტიკური პროცესი! ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს – ზღაპრებს, ყველა სიტყვა ბრალდების არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი – ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.

ეს არის დანაშაული, რომელსაც რეპრესიული რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს! ივანიშვილის ამოცანაა კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა. ივანიშვილის „რუსულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერ მოახერხა ვერაფრით – სავარაუდოდ, არც იმ აბსურდის იმედი აქვს, რასაც პარტიების აკრძალვა ჰქვია, ამიტომ გადაწყვიტა ციხეში ჩასვას პოლიტიკა!“, – ამბობს დათუნაშვილი.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; ზურაბ ჯაფარიძისთვის, გიორგი ვაშაძისთვის და ელენე ხოშტარიასთვის ბრალად წარდგენილი მუხლებისთვის მაქსიმალური სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძისთვის ბრალად წარდგენილი მუხლები კი – ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.