„ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, საბოლოოდ შევთანხმდეთ და შევქმნათ ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეობის ფრონტი“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენას.
„ასობით ნაწამები ადამიანი სპეციალურ ავტომობილებში, საწამებლად რომ ჰყავდა რეჟიმს მოყვანილი, ასობით სასტიკად ნაცემი ადამიანი რუსთაველის გამზირზე, ათობით სრულიად უკანონოდ დაპატიმრებული სინდისის პატიმარი, ქალბატონები, მზია ამაღლობელი ის ყველაფერი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, როცა ასაკოვან ქალბატონებს აპატიმრებენ, ოჯახებს აპატიმრებენ, და ამის ფონზე, რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას, მძიმე მუხლებით საქმე აღძრას პოლიტიკური ლიდერების მიმართ. რეჟიმის გენერალური პროკურატურა ამ საქმით არის დაკავებული.
ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის იმ უმძიმეს დასკვნაზე, რაც იქნა გაცხადებული გუშინ და გუშინწინ. კარგად გვესმის, რომ რეჟიმი ამით ცდილობს, მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების შანსი არ არის. ამან უნდა გამოიწვიოს მათი გადასახედიდან უიმედობა ქართველ ხალხში. მაგრამ ნაცვლად უიმედობისა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდით კიდევ ერთხელ გვინდა, დავარწმუნოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და მთელი საქართველო, რომ უიმედობის ნაცვლად ეს გამოიწვევს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას და ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტის შექმნას.
ყველასთვის ვისთვისაც ცხადია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მნიშვნელოვანია და გადის ქუჩის საპროტესტო აქციებზე, მტკიცე და მძლავრ წინააღმდეგობაზე რეჟიმთან, ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი და ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობაა, გთხოვთ, რომ საბოლოოდ შევთანხმდეთ და შევქმნათ ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; ზურაბ ჯაფარიძისთვის, გიორგი ვაშაძისთვის და ელენე ხოშტარიასთვის ბრალად წარდგენილი მუხლებისთვის მაქსიმალური სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძისთვის ბრალად წარდგენილი მუხლები კი – ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.