ე.წ. საბოტაჟის საქმეზე წარდგენილ ბრალს უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეცნობიან.
გენერალურ პროკურატურაში მივიდა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს „ქართული ოცნება“ უწყობს.
„ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ევროპული მომავლის მიმართ, ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით.
რა თქმა უნდა, ესაა პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება და ამოცანაა, რომ გაანადგუროს პოლიტიკოსები და პოლიტიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამით „ქართული ოცნება“ თავად აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას.
ის აბსურდი, რაც მე მოვისმინე, თითქოს ბრალი გვედება სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟში, ეს არის შებრუნება რეალობის. რეალობა ისაა, რომ „ოცნება“ ეწევა დღეს საბოტაჟს და ჩვენი ამოცანაა, საბოტაჟს დავუპირისპირდეთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით და ხელისუფლების ერთადერთი გზაა არჩევნები და ეს არჩევნები აუცილებლად მოიტანს ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების გაერთიანებას…
არანაირ რადიკალიზაციაში მონაწილეობა არ მიგვიღია, ეს არის „იმედის“ და „ოცნების“ პროპაგანდის შეთითხნილი ტყუილი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძე ბრალის დადგენილებას ბათუმის პროკურატურაში გაეცნობა.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები არიან შესული რუსთავის ციხეში, სადაც ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია იმყოფებიან. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მსჯავრდებული პოლიტიკოსები ბრალის დადგენილებას ადვოკატებთან ერთად ეცნობიან.
ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, ბრალის დადგენილების გაცნობის პროცედურას არ ესწრებიან არც ხოშტარია და არც მისი ადვოკატები.
ახალი ბრალი გააცნეს მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც „ვივამედში“ იმყოფება.
პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი წაუყენა.
პროკურატურის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო – მიმართვებში მხარდამჭერებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ მოუწოდებდა.
პროკურატურა ვაშაძეს და ჯაფარიძეს ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“.
ასევე ედავებიან, რომ ჯაფარიძე და ვაშაძე უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ. 2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“.
ნიკა მელიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“.
ელენე ხოშტარიას პროკურატურა ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“.
ასევე ედავებიან, რომ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ.
2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, „ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“.