„[მუნის ინფექციასთან დაკავშირებით] სტატისტიკურადაც კი არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება. საზოგადოება უნდა დავამშვიდოთ. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება. თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, არ არის სასიამოვნო. მიუხედავად ამისა, არასტანდარტული და არანორმალური არაფერი ხდება“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
„როგორც პაატა იმნაძემ ახსნა, რეალური მიზეზი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს. როდესაც გარკვეული ინფორმაციის გავრცელება ხდება დაავადებასა და მის შესაძლო რისკებზე, აქ ფრთხილი უნდა ვიყოთ, გარკვეული პანიკის დათესვას იწვევს… აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. დაავადების გავრცელება ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით არ გადადის. ხანგრძლივი დროით კანზე უნდა იყოს შეხება. ასე ხსნიან სპეციალისტები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედიკამენტი ქსელში არ არის, ესეც არის მცდარი ინფორმაცია. მუნთან მიმართებით, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად, მიზეზი განგაშის არ არსებობს“- უთხრა ჟურნალსიტებს სარჯველაძემ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მუნის შემთხვევებმა იმატა. მოქალაქეები წერენ, რომ მუნის შემთხვევები დაფიქსირდა თავიანთ სკოლებსა და ბაღებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ, 5 ნოემბერს კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, „საპანიკო არაფერია“.
„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია. მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.
პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.