„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის ღია დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, „ოცნებას“ ერთიანობის ეშინია და „მათ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების მიზნით“.
თინა ბოკუჩავას თქმით, ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა:
„დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი, აზრის გამოხატვა და სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების დაცვა არის კრიმინალი, დანაშაული და ისჯება პატიმრობით ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.
ეს არის ღია დასტური, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფო. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქადის ჩვენ ქვეყანას.
რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია – ეს არის ჩვენი ერთიანობა… მათ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების მიზნით. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, როგორც მთავარი ოპონენტი და ივანიშვილის რეჟიმის საფრთხე, დამატებით რამდენიმე წლით დარჩება უკანონო ტყვეობაში „ფეისბუქ“-პოსტების გამო. ეს არის ის აბსურდულობის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა.
მინდა, ცხადად ვუთხრა რეჟიმის წარმომადგენლებს, იმ ბრძოლას, რომელსაც ენმ ეწევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – იმ მიზნით, რომ მოქალაქეებს ავაცილოთ ის უდიდესი საფრთხე, რის წინაშეც რეჟიმმა ისინი დააყენა უვიზო მიმოვლის წართმევის გზით და ეს სანქციები, ნაცვლად ამისა დაეკისროს ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, მოძალადეებს – ამ საქმიანობასაც, ისევე როგორც ბრძოლას ქვეყნის შიგნით – ყველა ფრონტზე, შიდა თუ საგარეო ფრონტზე, ეს პარტია, რომელიც არასდროს უშინდებოდა ბრძოლას და არ შეუშინდება არც დღეს, არც ხვალ გააგრძელებს ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამ მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი რეჟიმის დასასრულებლად.
ჩვენი ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა… ვიბრძოლოთ სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, სანამ გვიანი არ არის, როგორც ეს მზია ამაღლობელმა თქვა იმიტომ, რომ გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება, როგორც ეს ზურაბ ჯაფარიძემ თქვა – ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
პროკურატურამ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
პროკურატურის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო – მიმართვებში მხარდამჭერებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ მოუწოდებდა.
პროკურატურა ვაშაძეს და ჯაფარიძეს ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“
ასევე ედავებიან, რომ ჯაფარიძე და ვაშაძე უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ. 2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ნიკა მელიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ელენე ხოშტარიას პროკურატურა ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“
ასევე ედავებიან, რომ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ.
2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, „ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც ამ დროისთვის საპატიმროში არიან, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას მოითხოვს.