პროკურატურამ „კრისტალ ჯგუფის" დამფუძნებელ ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ „კრისტალ ჯგუფის” დამფუძნებელ ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარუდგინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით.

უწყების განცხადებით, გამოძიების თანახმად, „კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.

უწყება ამბობს, რომ ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

პროკურატურის განცხადებით, ამ გზით შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით – 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო.

„მიღებული დიდი ოდენობით თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა”. – აცხადებს პროკურატურა.

ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარედგინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.