„კრისტალ ჯგუფის" დამფუძნებელ ვლადიმერ სტეფანიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

პუბლიკა

„კრისტალ ჯგუფის” დამფუძნებელ ბიზნესმენს, ვლადიმერ სტეფანიანს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ის, რომ სტეფანიანი წარსულში ნასამართლევია და აქვს გადაუხდელი ჯარიმები.

ვლადიმერ სტეფანიანი დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

ვლადიმერ სტეფანიანი 8 ნოემბერს დააკავეს.

სტეფანიანს ბრალად ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და ფულის გათეთრება (სისხლის სამართლის კოდექსების 192-ე და 194-ე მუხლები), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“ ბაკურიანში სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსებს უკანონოდ აშენებდა და ასხვისებდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა კომპანიას, არღვევდა განაშენიანების გეგმასა და ნებართვის პირობებს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამ გზით კომპანიამ 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო, რომელიც ნაწილობრივ საბანკო ანგარიშებზე განათავსეს, ნაწილობრივ – პირად საკუთრებაში გადაიტანეს და უძრავი/მოძრავი ქონების შესაძენად გამოიყენეს.

2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ახალი საბაგიროსა და სათხილამურო ტრასის გახსნას ესწრებოდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად დაპატიმრებული რომეო მიქაუტაძე და სხვა ოფიციალური პირები.

კადრებში ჩანს, როგორ აცნობს „კრისტალ ჯგუფის“ დამფუძნებელი ვლადიმერ სტეფანია საკუთარი კომპანიის განვითარებას მთავრობის მაშინდელ ხელმძღვანელებს.

ვლადიმერ სტეფანიანს პარტია „ქართული ოცნებისთვის” თანხა ორჯერ აქვს შეწირული: 60 ათასი ლარი 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს; და 50 ათასი ლარი 2021 წელს.