თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია და „მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა და მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“.
„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველად ჰქონდათ ასეთი ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციის განხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ რაც ოფიციალურად მოხდა ყველაფერი, არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში და პროექტის დაწყება დაანონსდა, მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ.
რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი და დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გასაჯაროება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.
ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის – 6.5 მილიარდ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა – მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“, – თქვა კალაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, კალაძემ განაცხადა: „დასამალი არაფერია, ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა დეტალზე“.
არაბული დეველოპერული კომპანიის, „იგლ ჰილს ჯორჯიას“ გაყიდვების ოფისი და შოურუმი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზე განთავსდა. შოურუმი „ქართული ოცნების” წევრებმა 21 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, „იგლ ჰილსი“ საქართველოში ორ გიგანტურ პროექტს განახორციელებს: თბილისში, კრწანისში – 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქის“ და ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე – 250 ჰექტარზე „პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი“.
