თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი განიხილავს.
ნიკა მელია 29 მაისს ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მელიამ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა.
ადმინისტრაციული წესით დაკავების მომდევნო დღეს, 30 მაისს ჩანიშნული იყო წულუკიანის კომისიის საქმეზე სხდომა, რომელზეც მელიასთვის შეფარდებული გირაო პატიმრობით უნდა შეეცვალათ, რადგან მელიამ გირაო არ გადაიხადა. მელია სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა.
ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ნიკა მელია 30 მაისს სხდომაზე მიიყვანეს. მისი გირაო პატიმრობით შეიცვალა. ამ პროცესზე პოლიტიკოსმა, რომელიც ლისის ასახვევთან მისი დაკავების დეტალებს ჰყვებოდა, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ლისის ტბის ასახვევთან მისი დაკავების გარემოებები.
„მეორე დღეს იწურებოდა გირაოს ვადა წულუკიანის კომისიაში არმისვლის თაობაზე. დილით მქონდა პროცესი აქ, ამ შენობაში. საჯაროდ განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი მისვლას. რეჟიმმა იფიქრა, რომ ვაითუ მელია ისევ გამოიკეტოს ოფისშიო და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარება… ამ ეფექტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, ბარემ, დღესვე მოვიტაცოთ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს სპეცოპერაცია. 20-50-მდე პოლიციელი იყო… . ხვალ დილის 9 საათზე რომ მიჭერდნენ და ისედაც მივდიოდი ციხეში, ტელევიზიაში მიმავალმა თურმე შევაგინე, გამომეკიდნენ და გამიტაცეს“, – თქვა ნიკა მელიამ.
წულუკიანის კომისიის საქმეზე ნიკა მელიას 8 თვე აქვს მისჯილი. სასამართლო ცალკე განიხილავს მოსამართლისთვის წყლის შესხსმის საქმეს; გარდა ამისა, პროკურატურამ ნიკა მელიას ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც წარუდგინა ბრალდება.