ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი, რომელსაც 2 ნოემბერს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, გარდაიცვალა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ გორის მერიის სპორტის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგიჩაიშვილი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციას, ასევე იყო გორის მუნიციპალტეტის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.

ადვოკატის განცხადებით, ბორის გოგიჩაიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ცნობილია, რომ ბორის გოგიჩაიშვილს სიმსივნე ჰქონდა.

„ბატონი ბორისი უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის წარმოდგენილი. მისი კოგნიტიური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული… ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა“, – უთხრა ადვოკატმა თამარ კუჭავამ „რადიო თავისუფლებას“.

გოგიჩაიშვილი გორში ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბიზნესმენთან და ყოფილ მოკრივესთან, გიორგი კანდელაკთან ერთად დააკავეს. ამავე საქმეზე პატიმრობა შეეფარდა კიდევ 5 პირს.

19 სექტემბერს TV პირველმა გაავრცელა ბორი გოგიჩაიშვილის ჩვენება, რომელშიც ის წერდა, რომ მას უაქციზო ალკოჰოლის წარმოება ერთ-ერთმა რუსულმა კომპანიამ დაუკვეთა, თუმცა მისი რუსეთში გაყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც საქართველოში დაიწყო კლიენტის მოძიება.

გოგიჩაიშვილის ჩვენების მიხედვით, ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო გიორგი კანდელაკი, „რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში“.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი დააკავა.

უწყება ამბობს, რომ ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

საგამოძიებოს ცნობით, საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.