„ქართული ოცნების” დეპუტატი, მარიამ ლაშხი მზია ამაღლობელის შესახებ ამბობს, რომ ის არა ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის, არამედ „ინსტიტუციის მიმართ დამოკიდებულების” გამო ისჯება.
„ოცნების” პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შედის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში.
ინიციირებული ცვლილებები ავტონომიურ რესპუბლიკებს ეხება, კერძოდ, ინიცატივის თანახმად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად”.
მზია ამაღლობელი სოფო ხორგუანმა აჭარის რეგიონის და აღნიშნული კანონის ფონზე ახსენა.
მანვე გაიხსენა მარიამ ლაშხის შემთხვევა, როცა მისი საჩივრის საფუძველზე 2 აქტივისტი ქალი 12 დღით დააპატიმრეს.
სოფო ხორგუანმა თქვა, რომ მარიამ ლაშხმა თავის დაცვა შეძლო, მზია ამაღლობელისგან განსხვავებით კი, სახელმწიფო მოხელეებს ბევრად მეტი თმენის ვალდებულება გააჩნიათ.
„აჭარაში ერთი შუახეველი მებრძოლი ქალია, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს იბრძოდა. ეს ქალი იბრძოდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ის უფლებებისთვის იბრძოდა. რომ არა ეს ქალი, ბევრი ვერ გაიგებდა როინ შავაძის მკვლელობის შესახებ. შემდეგ ეს ქალი ამხელდა და „ქართული ოცნების“ დროს არსებული კორუფციული სქემების შესახებ საუბრობდა, რაც დადასტურდა. კორუფციის არსებობა რეალურად დადასტურდა.
ახლა ეს ქალი ციხეშია, რადგან მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როდესაც მას პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც პოლიციელის მუნდირის პატივისცემასა და დაცვაზე ვსაუბრობთ, პოლიციელის მუნდირს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას უღირსი და მხდალი პოლიციელი აყენებს“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა კომიტეტის სხდომაზე.
მარიამ ლაშხმა პასუხად თქვა შემდეგი:
„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ თუ როდის ხდებოდა ის კორუფციული სქემა, რაზეც ახლა ისაუბრეთ. მნიშვნელოვანი იქნება ვადებიც მივუთითოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ასევე თქვენი ლიდერის პრემიერობის პერიოდს?
რაც შეეხება შედარებებს, ერთია კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონ მზიას შემთხვევაში მოხდა. პირველ რიგში, ეს არ იყო სილის გაწვნა, ტკივილი თუ გაწითლება.
ეს იყო დამოკიდებულება ინსტიტუციის მიმართ, რის გამოც პასუხისმგებლობა დადგა. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, არ ვიცი რამდენად ადევნებდით პოლიტიკურ პროცესებს თვალს, არც ერთხელ და არც ათასჯერ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს თმენის ვალდებულების შენარჩუნება არ გასჭირვებია, მაგრამ როდესაც ეს ბავშვებს ეხება, მე როდესაც საჩივარი შევიტანე, ამით არა მხოლოდ ჩემი ბავშვები, არამედ სხვაც დავიცავი. ამით პასუხი გავეცი ქმედებებს, რისი დაკანონებაც სურდათ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყვეტილიყო.
პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა თუ სხვა დანაშაულზე, თუ საერთაშორისო მაგალითებს გადავხედავთ, აშშ-სა თუ ევროპის წამყვან ქვეყნებში ვნახავთ, რა რეაგირებებია და როგორია გადაწყვეტილებები წლების თუ ჯარიმების მიმართ“.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 ივნისს მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.
არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.
მზიამ მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, სახაროვის პრემია.