„საქაერონავიგაცია“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი განგაშის სიგნალის გამოცემის გარეშე გაქრა.
„შპს „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა – შველის საკოორდინაციო ცენტრში 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა საავიაციო ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანთან საზღვართან ახლოს განიცადა.
საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით, საქაერონავიგაციის საძიებო ჯგუფი გაემგზავრა სავარაუდო ინციდენტის ადგილის აღმოჩენისა და დაზარალებულებისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა – შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს.
ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი „პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით“.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.