„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ესხმის თავს გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის“ ჟურნალისტმა მას შეკითხვა პეტერ ფიშერის შესახებ დაუსვა, რომელთან გადაღებული ფოტოც რუსთაველის პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინ, 13 ნოემბერს, რუსთაველის გამზირიდან დადო.
პაპუაშვილმა თქვა, რომ „გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს, რა უნდათ“.
გერმანიის საგარეო უწყებამ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს, რადგან „საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს“.
გერმანული საგარეო უწყების 6 ნოემბრის განცხადების თანახმად კი, „კონსულტაციების შემდეგ ელჩი საქართველოში დაბრუნდა”.
„ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გადაიკითხავდა შესაბამის მუხლებს და ბოლოს და ბოლო ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა.
რამდენიმე დღე არ გასულა და მთელი სახელმწიფო და საზოგადოება მასხრად აგვიგდო. ეკლესიის მლანძღველებს უცხადებს სოლიდარობას. ასე რომ, ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან“. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გერმანიის და საქართველოს საგარეო უწყებებს ჰქონდათ კონსულტაცია და გერმანული მხარე „საქართველოს დაჰპირდა, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი”.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ უწოდა აქციის მონაწილეებს ექსტრემისტები, ხოლო გერმანიის ელჩს – ექსტრემისტების მხარდამჭერი.