სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თბილისში იმყოფება. ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე რეგიონის შესახებ. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც, მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასია ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეებზე, ასევე უნდა გამყარდეს კავშირი სხვა რეგიონებთან.
ამ კონტექსტში მან ისაუბრა მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტზე, რომელიც სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა.
„მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ს პრეზიდენტის თანხლებით, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს გზაჯვარედინად – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურების განბლოკვა, სომხეთის ტერიტორიაზე ტრამპის გზა, საერთაშორისო განვითარების პროგრამის, ტერიტორიულ მთლიანობასა და სხვადასხვა პრინციპებზე დაყრდნობით გვაძლევს ბევრი წინსვლის შესაძლებლობას და ამის შედეგად დამყარდება სიმშვიდე.
ეს სიმშვიდეს შექმნის სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში, დაკავშირდება სპარსეთის ყურესთან, ქართული რკინიგზის გამოყენებით ევროპა-ცენტრალური აზია დაუკავშირდება ერთმანეთს. სომხეთის ხედვა ასეთია, რომ მთელ მსოფლიოსთან გვქონდეს კავშირი. სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს და ამას შეუძლია ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობით უნდა შევძლოთ ურთიერთ დაკავშირებადობა და უფრო გავაღრმაოთ. კოლეგასთან ერთად განვიხილეთ ეს მიდგომა და ვფიქრობ, არის ორმხრივი ურთიერთსასარგებლო გაგება“,- განაცხადა არარატ მირზოიანმა.
ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი შეხვდება მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს.