სუსის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.
ოსური მედიის ცნობით, ჩორჩანის საგუშაგო ერგნეთში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში 2019 წლიდან დგას და თუ დღესაც დადგება დღის წესრიგში, არგუმენტირებულ პასუხს მიიღებენ.
„2019 წლის შემდეგ ეს მათი დღის წესრიგის მუდმივ თემას წარმოადგენს, თუმცა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი პოზიცია… ეს პოზიცია უცვლელია და თუ ცხინვალელი მონაწილეები ამ საკითხს დააყენებენ, ისინი მიიღებენ არგუმენტირებულ პასუხს. […]
აღნიშნული სტაციონარული პოსტი განთავსებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მასზე იმყოფებიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციო აღჭურვილობით. წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ თუნდაც თეორიულად, შეიძლება ვინმესთვის ეს პოსტი საფრთხეს წარმოადგენდეს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით შეხვედრის საკითხებს შორის იქნება უკანონო პატიმრობები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები.
ანთაძის ინფორმაციით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი, ხოლო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 13 ფაქტი დაფიქსირდა.
ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალდება წარედგინა. პროკურატურა ამბობს, რომ გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არ ჩააყენა.