შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ი. დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ მან მეზობლად მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე დაჭრა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრები ინდოეთის
მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული მ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით ქვედა კიდურის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.