ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, 4 პირი დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულები შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელები არიან. გამოძიების მიხედვით, კომპანიამ გაიმარჯვა ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. უწყება ამბობს, რომ ისინი თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს.
შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებოს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. უწყება ამბობს, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში სხვა შესაძლო მონაწილეების იდენტიფიცირებისა და დანაშაულებრივი სქემის სრულად გამოვლენის მიზნით.