ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამნისტია შეეხო მუხლს და, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
ამავე საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა.
„ირაკლი ოქრიაშვილის ბრალდება დადასტურდა სრულად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა დავალება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც თავს დაესხა პოლიციას და, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია.
ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული. ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა იმას, რომ ფალსიფიცირებული გამოძიება არ წარმართა სამართლებრივად სწორად. მეორე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა სრულად. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი“, – პროკურორ ლაშა კოტრიკაძის კომენტარს „იმედი“ ავრცელებს.
ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ განაჩენს, „მართლმსაჯულებასთან შეხება არ აქვს.“
„მინდა გაგახსენოთ, რომ 15 წლის თავზე მომხდარი შემთხვევიდან, 2004 წელს მოხდა ეს უბედური შემთხვევა, 2019 წელს 3-4 დღე იყო დარჩენილი 15-წლიანი ვადის გასვლამდე და ერთი პირის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ასევე საპატიმროში იმყოფებოდა აღნიშნულ საქმეზე, რომელიც წლების განმავლობაში არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ცვლიდა თავის ჩვენებებს ისე, როგორც მას სჭირდებოდა და საპროცესო შეთანმხების მიღების საფასურად მისცა ირიბი ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილის წინაარმდეგ.
ერთდერთი არც არის მაშინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, აწ გარადცვლილი, რომელიც ამბობს რომ შემთხვევის შემდეგ დაურეკა და ესეც არ არის დადგენილი, უტყუარად რომ ირაკლი ოქრუაშვილმა დაურეკა და თითქოს უთხრა, რომ ინტერვიუ უნდა მიეცა პრესისთვის რომ მოხდა შეტაკება პოლიციასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.
ის ამბობს, რომ,- მე აღვიქვი რომ იარაღი უნდა მიგვეტანა და ჩაგვედო, ასე პირის აღქმაზე როგორ გაიგო მან, როგორ აღიქვა , პირდაპირი ნათქვამი არ ყოფილა, თანაც რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენების და დაინტერესბეული პირი იყო თვითონ რადგან ამის შემდეგ მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა, ამის საფუძველზე გამოვიდა ეს განაჩენი“,- ამბობს ადვოკატი.
ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.