SJC მოუწოდებს შსს-ს, გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტები და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება 19 ნოემბერს სინდისის პატიმრის, მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეების დაკავებას. პოლიციამ აქციის 13 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, მოქალაქეები კი აპროტესტებდნენ, რომ ტროტუარზე საკმარისი ადგილი აღარ იყო, შესაბამისად გზის სავალ ნაწილზე მათი გადასვლა ბუნებრივად ხდებოდა. პერიოდულად იყო პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც, რის შემდეგაც უკვე აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყეს.

SJC აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, შეკრების უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით და შეკრებისთვის საჯარო სივრცის გამოყენებას ევროპული სასამართლო ისევე ლეგიტიმურად მიიჩნევს, როგორც, სხვა ნებისმიერი მიზნით, „შესაბამისად, გზის სავალი ნაწილის დროებითი დაკავება არ უნდა გახდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, როდესაც პროტესტის ადგილს მისი მონაწილეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“.

„ბოლო დღეებში, პოლიციის ქმედებები, როდესაც მარშის მონაწილეებს, ხშირ შემთხვევაში არათუ გზის სავალ ნაწილზე, არამედ გარკვეულ ქუჩებზე, მათ შორის, ტროტუარზე გადაადგილების საშუალებაც არ ეძლევათ, აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” არა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრებით, არამედ მისი სრული უგულებელყოფითაც ცდილობს აქციის მონაწილეების შევიწროებას“, – წერს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქტივისტები;
  • შეწყვიტოს აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება, პატივი სცეს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და მათ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა მისცეს.