„არა დასჯა, არა სისხლისსამართლებრივი დევნა, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება“ - პაპუაშვილი არასრულწლოვანებზე

პუბლიკა

„ავირჩიეთ ყველაზე გამოცდილი ვერსია, გერმანული ვერსია მიდგომისა, რომელიც გულისხმობს, რომ 14 წლის ასაკამდე მოზარდებს, მათი არა დასჯა, არა სისხლისსამართლებრივი დევნა, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება და მზრუნველობის პროგრამების მეშვეობით მათი დაბრუნება სოციალურად გამართულ ქმედებაში და კალაპოტში. სწორედ ამას ისახავს მიზნად რეფორმა, რომ უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ არასრულწლოვანებზე“,– ამბობს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„ქართული ოცნება“ კანონს იღებს იმ არასრულწლოვანთათვის, რომელთაც 14 წელი არ შესრულებიათ, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო რეაგირებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიშობა ხოლმე და ფაქტია, საზოგადოებაც ამას აკვირდება, რომ, სამწუხაროდ, მომრავლდა შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე ასაკის მოზარდები ჩართული არიან ისეთ ქმედებებში, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს…

გამომდინარე იქიდან, რომ რადგან 14 წლამდე ასაკის კონკრეტული მოზარდები სჩადიან ამგვარ ქმედებებს დანაშაულებს, სახეზე არის რომ, სავარაუდოდ, ოჯახური გარემო, სოციალური გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებიან ვერ უზრუნველყოფს მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენის პრევენციას, სახელმწიფო მათ, რა თქმა უნდა, არ უყურებს და არ შეხედავს, როგორც სისხლისსამართლის დამნაშავეს.

არავითარ შემთხვევაში დასჯაზე არ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე მზრუნველობა, რადგან მათი სოციალური გარემო ამ მზრუნველობას ვერ იჩენს და ვერ აკორექტირებს მათ ქცევას. სახელმწიფომ მულტიფუნქციური მიდგომით, სადაც ჩართული არიან, როგორც სოციალური მუშაკები, ისე ფსიქოლოგები და სხვა შესაბამისი პროფილის წარმომადგენლები უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

„კანონთა კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეიმუშავეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა გადამისამართებას რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში, სადაც დაიგეგმება არასრულწლოვანთა ჩართვა სხვადასხვა სერვისსა და პროგრამაში.

ასევე, კანონით განისაზღვრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა მოთავსება „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში“.

მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მას, ვისაც ჯერ არ შესრულებია 14 წელი.

კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ის, რომ 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმი, წაახალისებს კანონსაწინააღმდეგო ქცევას. კანონპროექტის ავტორთა თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე შემუშავდა კანონი თანმდევ პროექტებთან ერთად.