„დიდი შანსია, რომ ბრიტანეთში, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ივანიშვილმა მაინც ვერ შეძლოს 607 მილიონის დაბრუნება იმიტომ, რომ შესაძლოა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და აშშ-ს მიერ სანქცირებულ და ბრიტანეთის მიერ შესწავლის ქვეშ მყოფ პირს, ეს თანხა არ მიეკუთვნოს. ივანიშვილი, ვისთვისაც ფული ყველაფერია, სინამდვილეში ნომერ პირველი უსამშობლოა – მზად არის, ივაჭროს ქვეყნით, ადამიანებით, იმისათვის, რომ გამოივაჭროს თავისი 607 მილიონი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ პროცესს, რა დროსაც სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს ბერმუდაზე ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე.
„ივანიშვილმა მისი ფულის გამო ქვეყანა ტყვედ აიყვანა, რადგანაც თვლის, რომ ეს 607 მილიონი, რომელიც სინამდვილეში, კერძო დავის საგანი იყო მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის, ახლა უხილავ მასონთა ლოჟას აქვს დროებით მიტაცებული და მისი დაბრუნების მიზნით ივანიშვილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა. ახლა ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკონ, რომ საბოლოო ჯამში, მან დაიბრუნოს ეს 607 მილიონი.
მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე ვიზიტი, რაც შედგა საქართველოში აშშ-ს მხრიდან და ეს იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, საათიანი შეხვედრიდან ირაკლი კობახიძე 45 წუთი სწორედ ამ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის დღეს უმთავრესი ამოცანაა“,- განაცხადა ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე წერილს ავრცელებს, სადაც საუბარია ივანიშვილის სასამართლო დავებზე, „დიფ სთეითსა“ და სანქციებზე. ადვოკატი ამბობს, რომ 24 ნოემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე. წიქვაძის განცხადებით, ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს სასამართლო ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება.
წიქვაძის მტკიცებით „ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო“. ადვოკატი ამბობს, რომ ამ პერიოდში ენმ-მა არევნები გააყალბა, რის გამოც ივანიშვილი „სრულად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან“. ეს კი, მისივე მტკიცებით, „კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა“. წიქვაძე წერს, რომ „გადაიბირეს“ „კრედიტ სუისში“ მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი – „რომლის ხელითაც გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები“.