„პოლიციელების სახესთან სათამაშოს ჭყვიტინის“ გამო აქტივისტს 8 დღე შეეფარდა

პუბლიკა

20 ნოემბერს დაკავებულ აქციის მონაწილეს, ვანო სხირტლაძეს „პოლიციელების სახესთან სათამაშოს ჭყვიტინის“ გამო 8 დღე შეეფარდა. გადაწყვეტილება თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. სხდომაზე დაკითხულმა პოლიციელმა თქვა, რომ სხირტლაძის დაკავების მიზეზი სათამაშო გახდა, რომელსაც ვანო სხირტლაძე პოლიცელების სახესთან ახმაურებდა.

„ხელში ეკავა სათამაშო, რომელიც გამოსცემდა ხმას, ჭყვიტინებდა. იგი მიდიოდა პოლიციასთან და სახესთან ახმაურებდა, რაც ნამდვილად არის შეურაცხმყოფელი, თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად. დაკავების მიზეზი იყო ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება, სახის მიმდებარედ ჭყვიტინი…

პოლიციის თანამშრომელი როდესაც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ადამიანის უსაფრთხოებაზე, სათამაშოს, რომელსაც იყენებენ შინაური ცხოველების გასართობად, ნამდვილად შეურაცხმყოფელია. მოქალაქე რომ მოდის და რაღაც სათამაშოს სახესთან გიჭყვიტინებს შეურაცხმყოფელია“, – თქვა მოწმემ.

ვანო სხირტლაძე სასამართლოში განმარტავს, რომ მისი ეს ქმედება არა პოლიციელთა შეურაცხყოფის მცდელობა, არამედ ექსპერიმენტი იყო.

20 ნოემბერს ლევან ზაზაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში, სადაც ჩანს, რომ სხირტლაძე სათამაშოს ახმაურებს, იქვე ამბობს, რომ პოლიციელებმა გამოცდა ჩააბარეს, რადგან არ გაეცინათ. სხირტლაძემ საუბრისას სწორედ ამ ვიდეოზე მიუთითა.

„პირველ რიგში ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ არის ქათამი, ეს იყო მამალი. ბევრმა მიიჩნია შეურაცხყოფად, მანქანაში რომ ჩამსვეს, ერთმა პოლიციელმა მკითხა, რა გინდა თქვა, რომ ქათმები ვართო?… ეს იყო პერფორმანსი, რაც მტკიცებულებებშიც გამოჩნდა და ვამბობ კიდეც, გამოცდა ჩააბარეს-მეთქი. ერთ-ერთ პოლიციელს ეცინება კიდეც და რა ვთქვათ, რომ ისიც დასცინის?“, – თქვა სხირტლაძემ და აღნიშნა, რომ სხდომაზე გამოკითხული მოწმეები მისი უშუალო დამკავებლები არ არიან.

საბოლოოდ, მოსამართლე ქოჩქიანმა სხირტლაძეს 8 დღე შეუფარდა.

მან დღეს ასევე განიხილა მიხეილ ზაქარეიშვილის საქმე და 20 ნოემბერს დაკავებულ აქტივისტს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაქარეიშვილს 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ზაქარეიშვილი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გადაეყენებინა სატრანსპორტო საშუალება [მოტოციკლეტი].

მიხეილ ზაქარეიშვილის დაკავების კადრებში ჩანს, რომ მას პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი სხვა პოლიციელებთან ერთად ესაუბრება, შემდეგ კი მემანიშვილი ზაქარეიშვილს ხელს ჰკიდებს და პოლიციის მანქანაში სვამს. ამავე კადრებში ჩანს, რომ სატრანსპორტო საშუალება პარლამენტის წინ ტროტუარზეა გაჩერებული.

მიხეილ ზაქარეიშვილის თქმით, თუ მოწმე უნდა დაიკითხოს, ეს გოგა მემანიშვილი უნდა იყოს, რადგან მან დააკავა.

„გოგა მემანიშვილმა დამაკავა, თუ ვინმეს არ დავემორჩილე, გოგა მემანშვილია – მე კი დავემორჩილე, მაგრამ თუ ვინმეა დასაკითხი, გოგა მემანიშვილია.“

სხდომაზე გამოიკითხნენ მოწმე პოლიციელები გიგი ბობოხიძე და გიორგი ტაბატაძე.

გიგი ბობოხიძის თქმით, ზაქარეიშვილის დამკავებელი პოლიციელია და მისივე შედგენილია ოქმიც. პოლიციელის მტკიცებით, 20 ნოემბერს მიხეილ ზაქარეიშვილს არაერთხელ მოუწოდეს, მოპედი გადაეყვანა ტროტუარიდან, რასაც არ დაემორჩილა.

მეორე მოწმის, გიორგი ტაბატაძის თქმით, ტროტუარზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება პოლიციას საპოლიციო ღონისძიების ჩატარებაში უშლიდა ხელს.

მიხეილ ზაქარეიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობის კანონი არ დაურღვევია და არც გოგა მემანიშვილის მოწოდება იყო კანონიერი.

„არ ვეთანხმები არც ერთ ნაწილში შსს-ს, ჩემთან მოვიდა გოგა მემანიშვილი, მითხრა, რატომ არ გადააყენე მოპედიო, ვკითხე, როდის მითხრეს, და ვუთხარი, რომ ეს მოპედი არ იყო. წავედი ჩემი მოტოციკლეტისკენ და უცებ ხელს მკარვს მეგონა, ძველბიჭურად უნდოდა ეთქვა, მიდი, ბიჭო, დროზე იარეო, გაკვირვებული ვიყავი, და ბოლოს აღმოვჩნდი დაკავების მანქანაში“, – თქვა მან.