CNN-ის თანახმად, უკრაინა აშშ-ის მოდიფიცირებულ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. როგორც აშშ-ის თანამდებობის პირმა მედიას უთხრა, შეთანხმებაში გადასაჭრელად დარჩენილია „მცირე დეტალები“.
მისი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რამდენიმე მიმართულებით კიდევ არის სამუშაო.
დასავლური მედიების ცნობით, შეთანხმება აბუ დაბიში მოლაპარაკებებზე იქნა მიღწეული, სადაც აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლმა აბუ დაბიში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა და სამშვიდობო გეგმა განიხილა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის ეროვნული უშიშროების მდივანმა, რუსტემ უმეროვმა დაწერა, რომ დელეგაციებმა „ჟენევაში განხილული შეთანხმების ძირითად პირობებზე საერთო შეთანხმებას მიაღწიეს“.
„ახლა ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებში”. – დაწერა უმეროვმა და დასძინა, რომ უკრაინა მოუთმენლად ელის ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებას, რათა „დასრულდეს საბოლოო ნაბიჯები და მიღწეულ იქნას შეთანხმება პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპთან“.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლინ ლევიტმა X-ზე დაწერა, რომ „არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის”.
ლევიტის თქმით, აშშ-მა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.
მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას აშშ-ის შესწორებულ სამშვიდობო გეგმაზე, თუ მისი პირობები „ფუნდამენტურად განსხვავდება“ ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტზე მიღწეული შეთანხმებისგან.
პარალელურად, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის ტერიტორიებზე თავდასხმებს ახორციელებენ. რუსეთი თავს ესხმის უკრაინულ სამოქალაქო დასახლებებს – გუშინდელ თავდასხმას კიევზე, სულ მცირე, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინამ კი, Reuters-ის ცნობით, იერიში მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ტერმინალზე.
გასულ კვირას გამოცემებმა Axios, Financial Times და Reuters 20 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა შეიმუშავა სამშვიდობო გეგმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. გეგმას 28 პუნქტი აქვს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის არმიის შემცირებას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
Axios-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამასთან ერთად აშშ-მ უკრაინელებს სხვა შეთანხმების ვერსია წარუდგინა.
კერძოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო წინადადებების პაკეტი მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის მსგავსი იქნება.
აბუ დაბიმდე 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე აშშ-ს წარმოადგენდნენ დრისკოლი, ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. დენ დრისკოლი მანამდე კიევს ეწვია.
24 ნოემბრის საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაში ახლა აღარ არის 28 პუნქტი – არის ბევრად ნაკლები.
უკრაინული მხარის ცნობით, ჟენევაში არ განხილულა უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობის საკითხი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „სენსიტიურ საკითხებს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილავს“.