შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.თ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ბრალდებულს, 1982 წელს დაბადებულ ნ.ყ.-სთან და 1984 წელს დაბადებულ ლ.ქ.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორივე მათგანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.თ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.