„ქართული ოცნების“ პარლამენტში ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
კობახიძე არაბული კომპანია Eagle Hills-ის პროექტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ „სპეკულაციაა, თითქოს აღნიშნული პროექტის განხორციელებით თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს“.
„ოცნების“ პრემიერი ირწმუნება, რომ კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ „არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა“.
„ათასი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ.
რაც შეეხება გონიოს, გონიო საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც არ არის მწვანე ნარგავები დღეს, გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. აქედან გამომდინარე, არათუ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოში და კრწანისში, არამედ პირიქით, ეს სივრცეები გაიზრდება.
რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელსაც ჰყავდა ძალიან ცოტა სტუმარი, ტყე-პარკში 90-იანი წლებიდან მოყოლებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, თბილისის მერიას ჰქონდა წინასწარი გაანგარიშება რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის და სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია „იგლ ჰილსი“ იმ პროექტის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდო. არათუ არსებულის რეაბილიტაცია მოხდება, ამ სივრცეს დაემატება ახალი მწვანე სივრცეები და თუ ადრე ძალიან ცოტა თბილისელი და ჩვენი თანამოქალაქე სტუმრობდა კრწანისის ტყე-პარკს, ეს სივრცე იქნება ღია ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია. დღევანდელი მდგომარეობის ნაცვლად, იქ მისვლა იქნება ძალიან სასიამოვნო თითოეული თბილისელისთვის და ესეც იქნება ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი გვერდითი ეფექტი“, – თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები ასევე განახორციელებენ პროექტის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და „აქაც დაცული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის საჯარო განხილვების კუთხით“.
„ამიტომ, ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, – თქვა კობახიძემ.
არაბული კომპანია „იგლ ჰილსი“ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეთანხმებით თბილისსა და გონიოში ორი გიგანტური პროექტის განხორციელებას გეგმავს.
მაღალჩინოსნების ნაწილი ამბობს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია, მეორე ნაწილი 6.5 მილიარდ დოლარს ასახელებს, ნაწილი კი – 6.6 მილიარდს. დეტალური ფინანსური გეგმა ამ ეტაპზე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ერთი პროექტი გულისხმობს თბილისში, კრწანისის ტყე-პარკსა და მის მიმდებარედ 600 ჰექტარზე „ახალი მწვანე ქალაქის“ აშენებას. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, იგეგმება პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლების, რესტორნებისა და ბარების, გასართობი სივრცეების მშენებლობა.
როგორც გარემოს დამცველი ორგანიზაცია CENN აღწერს, კრწანისის ტყე-პარკი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი ადგილია. პარკში 5 ტბა და ბუნებრივი ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ეკოსისტემაა წარმოდგენილი, მათ შორის ხე-მცენარეთა ისეთი სახეობები, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
მეორე პროექტი კი იგეგმება გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, სადაც დაგეგმილია იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და ბარ-რესტორნების მშენებლობა.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ჭოროხის დელტასთან, რომელიც ზურმუხტის ტერიტორიაა. მრავალფეროვანი ორნითოფაუნის გამო ჭოროხის დელტა აღიარებულია ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიად (SPA- Special protected area) და ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიად (IBA – Important Bird Area). აქ ათობით სხვადასხვა სახეობის ფრინველს შეხვდებით.
ზურმუხტის ქსელი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია) დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელიც კონვენციით განსაზღვრული სახეობების დაცვას უზრუნველყოფს, მათი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნების გზით.