„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის [28 ნოემბრის] განცხადებას, წაიკითხეთ და ყოველ მის სიტყვას ხელს ვაწერთ კიდევ ერთხელ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს განცხადება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ შეკითხვის პასუხად, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს. ამ დღის შემდეგ დაიწყო მოქალაქეთა ყოველდღიური პროტესტი რუსთაველის გამზირზე. პროტესტის მონაწილეები ასევე მოითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.
„2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევენებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრების საკითხებზე და ეს აღიარა ცოტა ხნის წინ წერილობით, მათ შორის, საელჩომ. ასე რომ, ის, რაც შეწყდა/შეჩერდა, 2024 წლის ივნისში ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში.
მეორე, რაც ითქვა და ჩანდა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში, ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ ახლა მოლაპარაკებას გაგიხსნი, თუ მარცხენა ფეხზე დადგები, ახლა მოლაპარაკებას გაგიხსნი, თუ მარჯვენა ფეხზე დადგები…
ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ, დაეყენებინათ ქართველი ხალხი და ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელსუფლება აცხადებდა სრულ მზაობას, რომ გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის და არაერთხელ გვითქვამს, რომ 2028 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ევროკავშირისთვის“, – თქვა პაპუაშვილმა.
დღეს, 28 ნოემბერს, უწყვეტი საპროტესტო აქციების ერთი წლის თავზე, თბილისში ორი მსვლელობაა დაგეგმილი – თსუ-ის პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან 19:00 საათზე; 20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.