29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის დაკავებას ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს:
„დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დღეს ალეკო ელისაშვილი ადვოკატმა მოინახულა დიღმის იზოლატორში. ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილი სასამართლოს კანცელარიის შენობაში შესვლის ფაქტს აღიარებს, მანდატურის ცემის და იარაღის გამოყენებით მუქარის ფაქტს კი უარყოფის.
„დაკავებიდან ათი საათის შემდეგ მომეცა საშუალება, შევხვედროდი მას დიღმის იზოლატორში. სახეზე აღენიშნება მძიმე დაზიანებები, არის სასტიკად ნაცემი. ახლა განცხადებას ალეკო ელისაშვილის სახელით გავაკეთებ.
მისი ქმედება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო. პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ, ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასამართლო – ეს სიტყვები გადმომცა. ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა. ეს იყო პროტესტის გააზრებული ფორმა. მნიშვნელოვანია, ამისთვის შაბათი დღე აირჩია, დილის საათებში არავინ რომ არ დაზიანებულიყო.
სურდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, სასამართლო რამდენ ადამიანს უკანონოდ და უსამართლოდ ასამართლებს, როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს თავისი რეჟიმის და დიქტატურის გასამყარებლად, ეს არის ალეკო ელისაშვილის განცხადება“, – თქვა გიორგი რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს იარაღის გამოყენების სურვილი არ ჰქონია.
„გამოძიება საუბრობს, თითქოს იარაღის მუქარით შევიდა და ემუქრებოდა ვინმეს. რეალურად, იარაღი კაბურაში იყო, ზემოდან ეცვა ჰუდი, ქურთუკი და გამოყენების მცდელობაც არ ჰქონია. კადრში, სადაც იარაღის ჩანს, დაკავების შემდგომია, ამოვარდა ჯაჯგურის დროს ანუ იარაღის გამოყენების არც მცდელობა და არც სურვილი არ ჰქონია. მისი შესვლის შემდეგ შემოვიდა მანდატურის სამი თანამშრომელი, აგრეთვე პოლიციის თანამშრომლებიც. გააზრებული ჰქონდა ყველაფერი, მარტო მოქმედებდა, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, პროტესტის ეს ფორმა გამოეყენებინა“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა დანაშაულს, გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ არ აღიარებს, რადგან ჯერ არ იცის „რა წერია ბრალში“.
„რაღაც მუხლი ვიცით, თუმცა დადგენილება არ ჩაგვბარებია და არ გავცნობილვარ. ბრალის წარდგენა იქნება ხვალ, ამის შემდგომ შევძლებთ, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ბრალი არ გვინახავს. უნდა წავიკითხოთ, ვნახოთ, იქ არის საუბარი იარაღთან დაკავშირებით, მუქარასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ამას არ აღიარებს. აღიარებს იმას, რომ შენობაში შევიდა, რაც იყო პროტესტის ფორმა“, – ამბობს ადვოკატი.