ფედერალისტები BBC-ის გამოძიებაზე: მოგვმართეთ, დავიწყოთ მასალების მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის

პუბლიკა

პარტია „ფედერალისტები“ ეხმაურება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.

პარტია მოქალაქეებს მოუწოდებს, მიმართონ ცხელ ხაზზე: 032 2 420 737, რათა დაიწყო მასალების შეგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის, ჭეშმარიტების დასადგენად.

„საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ ივანიშვილის რეჟიმს უმძიმესი ბრალდება წაუყენა – ამ გამოძიების მიხედვით რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას თმობს, არამედ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ქიმიური იარაღით უსწორდება და ქრონიკული დაავადებებისთვის წირავს.

ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ.

რეჟიმის ცვლილებამდე ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.

იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიებას დავეხმაროთ და მომავალში დაზარალებულების მიმართ შესაბამისი ზომები გავატაროთ, გვჭირდება ინფორმაცია.

განსაკუთრებით გვჭირდება: სამედიცინო ცნობები (დიაგნოზი, ტოქსიკოლოგიური ანალიზი), ფოტო/ვიდეო მასალა დაზიანებებზე, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ (სუნთქვის გართულება, დამწვრობა, ნევროლოგიური ნიშნები) და, თუ შესაძლებელია, გამოყენებული ჭურვების ფოტოები. 

მივმართავთ სამედიცინო პერსონალსაც: ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილე დუმილით. ანონიმურად მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ არადამახასიათებელი ქიმიური მოწამვლის ნიშნები.

ჩვენ ვიმუშავებთ უცხოელ ტოქსიკოლოგებთან და უფლებადამცველებთან. თუ ხართ ექიმი და გაქვთ წვდომა ლაბორატორიულ მონაცემებზე, რომელიც ადასტურებს უცნობი ქიმიური ნაერთების არსებობას პაციენტების სისხლში, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ნიმუშების გადაგზავნას ევროპის წამყვან ლაბორატორიებში.

ჩვენი მიზანია, ეს მტკიცებულებები მივაწოდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმისათვის რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და თუ ბრალდება დადასტურდა, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუმძიმდეს.

კონსულტაციებს ვიწყებთ დემოკრატიული პარტიებთან და ექსპერტებთან ძალისხმევის გასაერთიანებლად.

თუ დადასტურდა ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველია და რეჟიმის ცვლილების შემდეგ ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას“. – აცხადებენ „ფედერალისტები“.