სუსი​: დავიწყეთ გამოძიება BBC-ის ინფორმაციაზე. მიზანია გავიგოთ, რას ეყრდნობოდა ინტერვიუები

პუბლიკა

სუს-მა BBC-ის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

უწყება აცხადებს, რომ „გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

„დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“. – წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტე“, ანუ ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.

ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო სხვა ნივთიერებაც.

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.

ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა 2024 წლის 24 ოქტომბერს.

მაშინ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდნენ.

თუმცა შსს ირწმუნებოდა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

გომელაურმა მაშინ თქვა, რომ „მსგავსი საშუალების გამოყენება აკრძალული არ არის და გამოიყენება ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში“.

„ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. მისი გამოყენება სპეცდანიშნულების რაზმს არ შეუძლია იმ შემთხევაში, თუ არიან ბავშვები, არასრულწლოვნები, ფეხმძიმე ქალები. შეტევისა და შტურმის დროს კი შესაძლებელია, გამოიყენო გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. ევროპაში აქციის დასაშლელად იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც. ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლება?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა 2024 წლის 24 ოქტომბერს.