მიქანაძე აანონსებს, რომ სკოლებში, მე-11 კლასში დაინერგება ე.წ. რეპეტიტორიუმი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრეზენტაციაზე მიქანაძემ განაცხადა, მე-11 კლასში შემოვა ე.წ. რეპეტიტორიუმი. როგორც ის განმარტავს, „ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა“.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში, გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ….

სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რომელიც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადების კუთხით, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებით. ამ კუთხით ჩვენ მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი. როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა.

მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. როგორც მან თქვა, ზოგადი განათლების მიმართულებებით დაგეგმილი ცვლილებების დოკუმენტი მომზადდა იმავე პრინციპით, რითაც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია.

მისივე თქმით, დოკუმენტში განსაზღვრულია 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და ამის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე.