„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ დღევანდელი განცხადებით უარყო შს ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის გუშინდელი განცხადება „კამიტის“ შესყიდვაზე.
კერძოდ, გელა გელაძე უარყოფს ყოფილი მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შსს-მ წინა ხელისუფლების დროს შეიძინა ის ნივთიერებები, რაზეც BBC-ის საგამოძიებო მასალაშია საუბარი. როგორც მოქმედი მინისტრი ამბობს, შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს უყიდია.
გელაძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ რასაც „ბატონი ვახტანგი გულისხმობდა, 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის კამიტი.“
ვახტანგ გომელაური, (1 დეკემბერი)
„ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია.“
გელა გელაძე (2 დეკემბერი)
„მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი.“
BBC-ის გამოძიების მიხედვით, მათ მოიპოვეს განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარის ასლი. სია გრძელია და მასში მხოლოდ ორი უსახელო ქიმიური ნივთიერებაა, შემდეგი კოდებით: ქიმიური ნივთიერება UN3439 და ქიმიური ნივთიერება UN1710.
სიაში არის ამ ფხვნილების შერევის ინსტრუქციაც. ამ ინვენტარის სიის ავთენტურობა BBC-ის დაუდასტურა რამდენიმე წყარომ და ასევე გდდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ ამ ორი უსახელო კოდის ქვეშ ნივთიერებების ნაერთის ტესტირება მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოსაყენებლად სთხოვეს.
შერგილაშვილის თქმით, ტესტების შედეგად, მან რეკომენდაცია გასცა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება არ გამოეყენებინათ. თუმცა, მისივე თქმით, წყლის ჭავლის მანქანებს ამით მაინც ტვირთავდნენ ხოლმე – და ეს ასე იყო სულ მცირე 2022 წლამდე. უკრაინიდან, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, ის BBC-ს ეუბნება, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების კადრების ყურებისას, მან მაშინვე იეჭვა, რომ დემონსტრანტებზე იგივე ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მისივე თქმით, კოლეგებმა, რომლებთანაც მას ისევ აქვს კონტაქტი და რომლებიც თანამდებობებზე რჩებიან [შსს-ში], ასევე დაუდასტურეს ეს ფაქტი.
BBC შეეცადა, გაერკვია რა ნივთიერებებია ამ კოდების ქვეშ. გამოძიების მიხედვით, UN1710-ის იდენტიფიცირება მარტივი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი. ეს არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს. UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია და BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ კამიტი გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
დღეს ირაკლი კობახიძემ და გელა გელაძემ ბრომბენზილის ციანიდის (რომელსაც ფრანგებმა „კამიტი“ უწოდეს) ფლობა უარყვეს, თუმცა არაფერი უთქვამთ ინვენტარის სიის ავთენტურობაზე და არც იმაზე, ამ ორი უსახელო კოდის ქვეშ რომელ ნივთიერებებს ფლობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.