ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო. თუმცა, უარყოფს, რომ ეს იყო „კამიტი“.
მისივე თქმით, „მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული“.
კობახიძემ თქვა:
„რაც შეეხება [წყლის ჭავლში] ნივთიერების გარევას – ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება ინფორმაციას „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით – ამაზე მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა, შსს-მ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შსს-ს, მათ შორის, არც ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში.
დანარჩენზე – მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებას აწარმოებს სუსი. ყველა დეტალი იქნება გასაჯაროებული საზოგადოების წინაშე გამოძიების დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება „კამიტის“ გამოყენებას – ეს უკვე უარყო შსს-მ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რაც მის ხელთაა“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერმა.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, რუსუდან დუმბაძემ კობახიძეს ჰკითხა, თუ შეუძლია, გამორიცხოს, რომ შსს-ს არ გამოუყენებია „სხვა აკრძალული ნივთიერებები კონკრეტული კოდის ქვეშ?“
„მე ასე მგონია, იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, შსს გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე მერაბიშვილმა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ პასუხად.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო სხვა ნივთიერებაც.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა 2024 წლის 24 ოქტომბერს.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.