ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ შსს-ს შესყიდული აქვს ნივთიერებები, რომლებსაც კოდი UN3439 აერთიანებს. მისივე თქმით, შესყიდულ ნივთიერებებს შორის არ არის კამიტი. „დანარჩენს წარმოადგენს გამოძიება“, – თქვა კობახიძემ.
მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში „სავარაუდოდ“ იყენებდნენ ამავე კოდის ქვეშ შემავალ ფხვნილებს, თუმცა, „ეს კოდი არაფერს არ იძლევა“.
კობახიძე ამბობს, რომ ჩატარდება შესყიდული და გამოყენებული ფხვნილის „სრულფასოვანი ანალიზი“.
„კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომლის ქვეშაც არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული.
ერთია დოკუმენტაცია და მეორეა თვითონ ფხვნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდება და ამაზე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას. უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ფხვნილის ანალიზი. გამოძიების ფარგლებში უნდა ჩატარდეს ყველაფრის დეტალურ ანალიზი. ერთია თავის დროზე დოკუმენტაცია რაც იყო და მეორე ანალიზი. ახლა, როცა დაიწყო გამოძიება, უნდა ჩატარდეს ფხვნილის ანალიზიც.
რაც მარტივად იყო დადგენადი, ნივთიერება კამიტი არ შედიოდა [ჭავლში გამოყენებული ფხვნილის შემადგენლობაში]. დანარჩენზე ანალიზები გრძელდება და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას. კამიტიც არის ამ კოდის ქვეშ, თუმცა, კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ფხვნილი“, – თქვა კობახიძემ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, რუსუდან დუმბაძემ კობახიძეს ჰკითხა, შეიძინა თუ არა შსს-მ სხვა აკრძალული ნივთიერება. პასუხად „ქართული ოცნების“ პრემიერმა თქვა, რომ „მაგას ადგენს გამოძიება“.
„უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რამე აკრძალული. ანალიზი დაადგენს, ეს ფხვნილი იყო თუ არა აკრძალული.
შსს-ს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხვნილი“.
„ფორმულას“ ჟურნალისტის, სალომე ლაბაძის კითხვაზე, თუ შეუძლია, გამორიცხოს, რომ შსს-ს არ გამოუყენებია „სხვა აკრძალული ნივთიერებები კონკრეტული კოდის ქვეშ?“ კობახიძემ უპასუხა:
„მე ასე მგონია იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, შსს გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე მერაბიშვილმა.
სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა, ეს ჩემი ვარაუდია, სჯობს, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს.
2009 წელს გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თეორიულად თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ასეთ შემთხვევაში, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ თუ ასეთი რამ დადგინდება, გამოდის, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი შეუძენია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
დღესვე, რამდენიმე წუთით ადრე „კამიტის“ შესახებ დასმული კითხვის პასუხად კობახიძემ თქვა, რომ „ეს ნივთიერება საქართველოს შსს-ს არასდროს შეუძენია, მათ შორის, არც ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში“.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო სხვა ნივთიერებაც.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.