თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება.
დღევანდელ პროცესზე ბურჭულაძემ თქვა:
„ერთი გარემოება – ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა დაცვის მხარემ და ამას ვადასტურებ. საჭიროა ყოველდღიური რეაბილიტაცია, მასაჟი და ა.შ. და ეს ვერ ხერხდება პენიტენციურ დაწესებულებაში.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულებს. […] არ არის მიზანშეწონილი, გამოყენებულ იქნას ყველაზე მკაცრი ზომა.
და ბრალდების მხარის მოპოვებული მტკიცებულებები ვერ გასცდა დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს“.
ბურჭულაძის განცხადების აუდიოჩანაწერი „ფორმულამ“ გაავრცელა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე.
მისივე თქმით, „ბრალდების მხარეს ჰყავს 135 მოწმე, ასევე ჩატარებულია ათეულობით ექსპერტიზა და წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ აღნიშნული პირების ბრალეულობას“, – განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს.