კობახიძე: გვაქვს გეგმა, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმისთვის, რომ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ჩუღურეთში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილ „არსენალის მთაზე“) სამთავრობო ქალაქის მოწყობას გეგმავს. საამისოდ მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების შესყიდვაზე.

„ყველა საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ჩვენი საჯარო მომსახურეებისთვის შრომის პირობები, ხშირ შემთხვევაში, არ არის სათანადო.

აქედან გამომდინარე, ჯერ დაზუსტებული არაა რომელ უწყებებს შეეხება, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმისთვის, რომ იმავე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ერთი მხრივ ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც, მეორე მხრივ საინვესტიციო მიზნებით როცა მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას.

ანუ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ბაზრის კვლევას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების შემდეგ მათ საფუძველზე დამუშავდება დეტალური პროექტი.

ტექნიკური დავალების დოკუმენტის თანახმად, ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობებია:

  • პარლამენტის შენობა — ფართი არანაკლებ 31 350 მ²
  • მთავრობის ადმინისტრაციის შენობა — ფართი არანაკლებ 7 000 მ²
  • ღონისძიებების დარბაზი — ფართი არანაკლებ 10 000 მ²
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო — ფართი არანაკლებ 7 500 მ²
  • შენიშვნა: უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის აღნიშნული შენობა-ნაგებობების გარშემო გათვალისწინებული უნდა იყოს ღობე.
  • საოფისე შენობები
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 20 700 მ²
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო — ფართი არანაკლებ 3 200 მ²
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 51 900 მ²
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო — ფართი არანაკლებ 23 800 მ²
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 47 400 მ²
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 7 600 მ²
  • კულტურის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 3 600 м²
  • თბილისის მერია — ფართი არანაკლებ 59 900 მ²
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური — ფართი არანაკლებ 7 000 მ²
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი — ფართი არანაკლებ 1 800 მ²
  • სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები. 

„პროექტის მთავარი მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანამედროვე, ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში.

პროექტი უნდა შემუშავდეს ისე, რომ უზრუნველყოს მისი ეტაპობრივად განხორციელების შესაძლებლობა. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სამშენებლო სამუშაოების ფაზებად დაყოფას სხვადასხვა ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობების შესაბამისად“. – წერია ტექნიკური დავალების დოკუმენტში.

ამ დროისთვის პროექტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა.