პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა

პუბლიკა

„საერთო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. ასევე დაადგინა მე-10 (გამოხატვის თავისუფლების) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების) მუხლების დარღვევა და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

„სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილების (რომელიც დაადასტურა დიდმა პალატამ) საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოების გათვალისწინებით წარედგინა ბრალი გიორგი გახარიას. მათ შორის, შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და ის დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას.

ასე რომ, ახლა კითხვები მიემართება ევროკავშირს და გერმანიას ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია. საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ თავიანთი ვალდებულებები პირნათლად შეასრულეს. მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა გარემოებებიც შეიძლება, გამოიკვეთოს და კონკრეტულად ბრალია წარდგენილი ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ, მგონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

განმცხადებლებს შორის იყვნენ როგორც რიგითი დემონსტრანტები, ისე — ჟურნალისტები. მათ უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“. 

დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.

ეს ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ეფექტიან დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას იმ შემთხვევებში, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანი იქნა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.

დიდმა პალატამ არ დაადასტურა საქართველოს მთავრობის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე შიდასამართლებრივი საშუალებები ამოწურული იყო.