ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში „მშვიდობის ფორუმზე“, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება და რომელშიც ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობს.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა თქვა:
„დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული, შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს.
მშვიდობიან პოლიტიკაზე მკაფიო ორიენტირებით ხელმძღვანელობით საქართველო ცდილობს, წვლილი შეიტანოს რეგიონულ სტაბილურობაში, დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში“.
ირაკლი კობახიძე აშხაბადში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.