ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით მზადყოფნა დაუდასტურა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ეკონომიკური თანამშრომლობაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული არსებული დიდი პოტენციალი. თქვენი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ საკითხს და ეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზეც აისახება”,- თქვა კობახიძემ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ, მრავალი მიმართულებით. საქართველო დიდი პერსპექტივების მქონე პარტნიორია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. სწორედ ეს მიმართულება არის გამწევი ძალა დღევანდელ პერიოდში და დიდია მისი გავლენა სხვა სექტორებზე. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდება სამომავლოდ და ამისთვის გაძლიერდება კომუნიკაცია. ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას“, – თქვა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.