ტალიაშვილი შეხვდა სენატორ მალინს, რომელიც MEGOBARI ACT-ის მიღებას აფერხებს

პუბლიკა

საქართველოს ელჩი აშშ-ში, თამარ ტალიაშვილი შეხვდა ამერიკელ სენატორ მარკვენ მალინს, რომელიც MEGOBARI ACT-ის მიღებას აფერხებს.

შეხვედრის ამსახველი ფოტო აშშ-ში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები.

„ამ კონტექსტში ელჩმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“. – წერს საქართველოს საელჩო.

ოკლაჰომის სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია ორი სენატორიდან, რომელმაც ხელი შეუშალა MEGOBARI ACT-ის ჩართვას აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA).

NDAA, ანუ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი აშშ-ის ფედერალური კანონია, რომელიც კონგრესის მიერ ყოველწლიურად მიიღება. ის განსაზღვრავს როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის და ენერგეტიკის დეპარტამენტის ბიუჯეტს, ისე – ადგენს თავდაცვის პოლიტიკას და პრიორიტეტებს. მაგალითად, სამხედროების ანაზღაურებას, ჯარისკაცების რაოდენობას, იარაღის შესყიდვებს, კიბერუსაფრთხოებას და კვლევით პროგრამებს;

ამავე დროს, მოიცავს დამატებით პოლიტიკურ დებულებებსაც, რომლებიც სცდება მხოლოდ ბიუჯეტს და მოიცავს, მაგალითად, სამხედრო დახმარებას სხვა ქვეყნებისთვის, სანქციებს ან პენტაგონის მუშაობის წესებს.

ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი წარსულში „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. კერძოდ, 2020 წლის მაისში მან აშშ-ის მაშინდელ სენატორ მაიკ პომპეოს მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან აქვს კავშირები“.

მარკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა.

2020 წელსვე მან მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნა ღია წერილი, რომელშიც „ოცნების“ ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.

„ფრონტერა“ ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან დედოფლისწყაროსა და მარნეულში მუშაობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები „ფროტერას“ მაგალითზე საქართველოს ხელისუფლებას უცხოური ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.