4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 12 პირის პროცესზე პროკურორმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 12 პირის პროცესი გაიმართა. ბრალდებამ და დაცვის მხარემ შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილია.

64 ბრალდებულის საქმე ხუთად დაიყო და დღეს გამართულ საქმეზე სასამართლო 12 ბრალდებულის – აბო ნავერიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილის, ბექა ქელეხსაშვილის, ნანა სანდერის, მამუკა ლაბუჩიძის, გიორგი მულაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ავთანდილ სურმანიძის, ანტონ უპერის და თემურ ქურციკიძის – საქმეს განიხილავდა.

მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ: აბო ნავერიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გიორგი მულაძეს, ანტონ უპერას და თემურ ქურციკიძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; ნანა სანდერს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ; მარიამ მეყანწიშვილს: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება; ავთანდილ სურმანიძეს: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

ბრალდების თქმით, აღნიშნულ საქმეში ორგანიზატორებად ბრალდებული პირები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისკენ, რომელშიც, მისი შეფასებით, „მონაწილეობა აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს უნდა მიეღოთ“.

„ერთ-ერთი ორგანიზატორი ნანა სანდერი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გამოყენებით 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით ახდენდა ძალადობრივი ქმედებების ჯგუფური ორგანიზებას. კერძოდ, უზრუნველყოფდა საჭირო ინვენტარისთვის ფულადი სახსრების მობილიზებას და სამართალდამცველებთან დაპირისპირების ეფექტურობისთვის საჭირო სხვა ნივთის შეძენას. იგი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ანგარიშსწორება“, – განაცხადა პროკურატურამ.

პროკურორმა 4 ოქტომბერს საჯარო გამოსვლებში გაჟღერებული მოწოდებები და მოვლენების განვითარების ქრონოლოგია აღწერა.

„მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც ორგანიზატორები და ჯგუფური ძალადობის მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერთ შეურაცხყოფა სამართალდამცველებს. აღნიშნული ქმედებების მონაწილეები იყვნენ: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე. ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ღობის დაზიანების მცდელობას, ნაწილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს, ნაწილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეაღწია“, – განაცხადა პროკურორმა.

დღევანდელ სხდომას 12 ბრალდებულიდან 10 ესწრებოდა. ვახტანგ ფიცხელაური სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. უპერი კი მიმალვაშია.

სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლებმა ბრალდებასთან დაკავშირებით წარმოადგინეს პოზიციები. ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ წაყენებულ ბრალის შემადგენლობას წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს და წარდგენილ ბრალდებაში თითოეული მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„38-ტომიანი საქმიდან უშუალოდ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ეხება 40 გვერდი. აღნიშნულ 40 გვერდზე არის მხოლოდ მისი წარსული, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დანაშაული რომ არასოდეს ჩაუდენია. დანარჩენი არის დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები, ამას მერე განვიხილავთ, რამდენად არის კავშირში საქმესთან. ერთადერთი მნიშვნელობა რამეს თუ შეიძლება მივანიჭოთ, არის ვიდეო, რომელსაც, როცა განვიხილავთ, დარწმუნდებით, რომ ეს ვიდეო უფრო ამტკიცებს დაცვის მხარის პოზიციას, ვიდრე ბრალდებისას. ის ადასტურებს ერთ გარემოებას, რომ ორგანიზება, მინიმალურ დონეზე, კომუნიკაციის დონეზეც კი არ ყოფილა. როლების განაწილებაზე ერთი მტკიცებულებაც კი არაა წარმოდგენილი, რომ მამუკა ლაბუჩიძე, რომელიმე ბრალდებულს იცნობდა. 64 ბრალდებულებიდან არცერთს არ იცნობს მამუკა ლაბუჩიძე“, – განაცხადა მამუკა ლაბუჩიძის ადვოკატმა.

„225-ე მუხლის შემადგენლობა არ არსებობს. არცერთი მტკიცებულება ამ მუხლის შემადგენლობასთან მიმართებით არ არის. არ გვყავს დაზარალებული სუბიექტი. კადრებში, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებად ჩანს, რომ ღობე არის გადანგრეული, ემორჩილება პოლიციას, გადმოდის უკან და მეტი ქმედება არ არის გურიელ ქარდავას მიერ განხორციელებული. არავის მიმართ არც შეურაცხყოფას, არავის მიმართ არანაირ ქმედებას არ აქვს ადგილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ მთელი რიგი „მტკიცებულებები“ აგებულია საჯარო განცხადებებზე. პოსტები და მიმართვები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ არავინ დაზიანდეს. ის, რომ ადამიანი მოუწოდებს შეკრებისკენ ეს დანაშაული არ არის. ბრალდების მხარე ამატებს თავის ვერსიას, რომ ეს შეკრება ემსახურებოდა მიზანს, რომ ეძალადათ პოლიციელებზე. თუმცა ვერსია, რომელსაც წარმოადგენს, მტკიცებულებებით არ დასტურდება. ის, რომ შესაძლებელია ნანა სანდერს შეეძინა ნიღაბი, ვერ იქნება დანაშაული და არ წარმოადგენს ნივთს, რომლითაც პოლიციელს და ან შენობას დააზიანებს“, – განაცხადა ნანა სანდერის უფლებადამცველმა.

 

შემდეგი სასამართლო სხდომა 13 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.